გალერეა

არქივი

კონტაქტი

ჩვენს შესახებ

პირობები

ჟიური

Eng

Geo

კონკურსი 2013 წელს დაფუძნდა ქუთაისში - მელიტონ ბალანჩივაძის მშობლიურ ქალაქში, სადაც მან 1918 წელს დააარსა, დასავლეთ საქართველოში პირველი პროფესიული სამუსიკო სასწავლებელი. თავისი არსებობის მანძილზე, აღნიშნულმა სასწავლებელმა აღზარდა ცნობილ ქართველ მუსიკოს-შემსრულებელთა, პედაგოგთა და კომპოზიტორთა თაობები. სასწავლებლის კურსდამთავრებულები დღესაც აგრძელებენ სწავლას საზღვარგარეთის პრესტიჟულ უმაღლეს სამუსიკო სასწავლებლებში და წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის კონკურსის დაარსების იდეაც ამ სასწავლებელში დაიბადა. 2013 წელს ჩატარებული პირველი კონკურსის მიზანი იყო დიდი ქართველი კომპოზიტორის, მელიტონ ბალანჩივაძის შემოქმედების პოპულარიზაცია, მისი ვოკალური შემოქმედების ნიმუშებზე ინსტრუმენტული ტრანსკრიფციების შექმნის გზით. კონკურსი ჩატარდა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის აქტიური ჩართულობით. კომპეტენტური ჟიურის მიერ არაერთი საინტერესო ინტერპრეტაცია იქნა გამოვლენილი.

2015 წლიდან ,,არტ-ლიგის” ორგანიზებით საფუძველი ჩაეყარა ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსს. 2015 – 2018 წლებში კონკურსს  ეროვნული  სტატუსი განესაზღვრა და ჩატარდა 4 მიმართულებაში (ფორტეპიანო, სიმებიანი საკრავები, ჩასაბერი საკრავები, აკადემიური სიმღერა).

2018 წელს კონკურსის ჟიურის 9 წევრიან შემადგენლობაში, ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობდა პოლონეთის ქ. პოზნანის ი. პადერევსკის სახელობის მუსიკალური აკადემიის 4 პროფესორი. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე  2015 - 2018 - 2022  წლებში გახლდათ ცნობილი ქართველი დირიჟორი, პროფესორი გოგი ჭიჭინაძე.  მისმა პროფესიონალიზმმა  და ავტორიტეტმა, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, იმთავითვე განსაზღვრა კონკურსის მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობა და პრესტიჟული ადგილი საკონკურსო სივრცეში. აღნიშნულ პერიოდში, კონკურსის ფარგლებში, ყველა საშემსრულებლო მიმართულებაში არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი გამოირჩა. ჩატარდა მასტერკლასები. ერთი მონაწილე, თავის პედაგოგთან ერთად, მიწვეული იყო პოლონეთში ქ. კალიშის ჩასაბერი საკრავების საზაფხულო აკადემიაში საერთაშორისო მასტერკლასებზე.

თანამედროვე ტენდენციებთან მეტად დაახლოების, მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების, კონკურენტული არეალის გააქტიურებისა და გაფართოების, მიზნით, 2022 წლის კონკურსი გახდა საერთაშორისო და ჩატარდა ფორტეპიანოს პროფილით.

ჟიურის შემადგენლობაში მონაწილეობდნენ ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები და პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს, ბრაზილიის, პოლონეთის, ლიეტუას წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან და სტუდენტები ლიეტუადან. კონკურსის ფარგლებში ტრადიციულად ჩატარდა საერთაშორისო მასტერკლასები.

2022 წლის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა  საერთაშორისო კონკურსი მიეძღვნა ქართული საკომპოზიტორო სკოლის და საქართველოში პროფესიული მუსიკალური განმანათლებლობის ერთ-ერთი ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის დაბადებიდან 160-ე წლისთავს.

     2025 წელს კონკურსის ჟიურის სათავეში ჩაუდგა იაპონიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი გიგლა ქაცარავა, რომლის პროფესიულმა გამოცდილებამ და საქმისადმი გულშემატკივრულმა დამოკიდებულებამ დიდად შეუწყო ხელი კონკურსის ცნობადობის და ავტორიტეტის გაზრდას ეროვნული თუ საერთაშორისო მასშტაბით.

ჟიური დაკომპლექტებული იყო მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსებით იტალიიდან, საფრანგეთიდან  და ჩინეთიდან. სწორედ ჟიურის თავმჯდომარის და დანარჩენი წევრების აქტიური მონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი არაერთ ახალ წამოწყებას. მათ შორის კონკურსის ,,გრან პრი”-ს მფლობელის საკონცერტო  ტურნეს ორგანიზებას იტალიასა და საფრანგეთში. იგეგმება მომავალ კონკურსებში გამარჯვებულთა საგასტროლო არეალის გაზრდა და სოლო კონცერტი შანხაიში. ასევე, სხვა საინტერესო სიახლეები, რაც დარწმუნებული ვართ, დიდი სტიმული და მოტივაცია იქნება კონკურსანტებისათვის.

       მომდევნო კონკურსი ჩატარდება 2027 წლის 1-6 აპრილს, ქუთაისში, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში (მისამართი: ქ. ქუთაისი. აკ. წერეთლის ქუჩა N30).